ფარმაცევტული კომპანია "სალხინო" ატარებს აქციას წამლების "სალხინოსა" და "ფერდის" მომხმარებლებისთვის. ვინც შეიძენს ერთ წამალს, მეორე გადაეცემა უფასოდ. მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის 146, ტელ.: 2 95 90 60.
ენოთერაპია - ღვინით მკურნალობა ძველ საქართველოში
ძველ კარაბადინებში ღვინო მიკროდოზებში ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად არის რეკომენდებული. ყურძნის ტკბილი წვენბადაგი მრავალი სამკურნალო საშუალებების მწარე გემოს დაკარგვის მიზნით გამოიყენებოდა, როგორც კომპონენტი რთული წამლის ფორმის მომზადების შემთხვევაში. ვაზის კულტის პატივისცემის აშკარა დემონსტრირებაა სვეტიცხოვლის კედლებზე ვაზის მტევნების გამოსახვა. მეცნიერის (ლ. მუჯირის) მიერ ღვინოში ალკალოიდებია ნაპოვნი. გერმანელი ავტორი კურტ შპრენგელი ჰეკატეს ბაღის მცენარეების კოლექციის კომენტირებისას ქვესათაურში ”უძველესი კოლხური მედიცინა” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოლხეთის ღმერთებისათვის წმინდა იყო ”ყურძნის მტევნები და მუხა”. მუხის სამკურნალო თვისებებიც საქართველოში უძველესი დროიდან იყო ცნობილი.
სამეგრელოში ყურძნის დასაკრეფად ხეზე ადიან - იქ მიწა ნოტიოა, ვაზს კი მცხუნვარე მზე სჭირდება დასამწიფებლად, ამიტომაც ოდიშში ყურძენს ძველებიც ხეებზე უშვებდნენ ან ტალავერზე ზრდიდნენ. ტრადიცია დღესაც გრძელდება.
ჩვენამდე მეგრული ყურძნის ჯიშის აუარება სახელმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშებიდან ნაწილი აღარც არსებობს. ოჯალეში კი სამეგრელოში ყველაზე გავრცელებული ჯიშია. წყაროებში ნაკლებია ცნობები ტოროკუჩხის ჯიშზეც. ნათქვამია მხოლოდ, რომ მისი ყურძნისაგან კარგი ღვინო დგებოდა და ჯვარში, ჭკადუაშში, ხიბულაში იზრდებოდა. ტოროკუჩხი მაღლარი ვაზი ყოფილა. კუჩხი მეგრულად ფეხს ნიშნავს, ტორონჯი მტრედს ეწოდება და ყურძენსაც ასე ერქვა - მტრედის ფეხა. დიდი რთველი სამეგრელოში არასდროს სცოდნიათ. ყურძნის დაკრეფის წესი ოდიშელებს დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებული ჰქონიათ - ყურძნის კრეფა აგვისტოს დამდეგს იწყებოდა და ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდებოდა. თუ დანარჩენ საქართველოში საღვინე წვენის მიღებას ყურძნის დაწურვას უწოდებდნენ, მეგრელებისთვის ამ საქმეს წილახუა ჰქვია. ამ პროცედურის ჩასატარებლად კი მათ ნავის მსგავსი ხის საჭყლეტი ჰქონდათ, იგივე ოჭინახი, ანუ საწნახელი. უფრო მომცრო საწნეხს კი ჯერუკს უწოდებდნენ.
ჭურ-ქვევრების დამზადების ხელობა სენაკში, მუხურაში, ჯვარში და სხვა ადგილებში იყო გავრცელებული. ოდიშში ჭურებს ისე ვიწრო ყელს უკეთებდნენ, რომ ჭურის მრეცხავს მასში ჩასვლა არ შეეძლო და აუცილებლად სარცხით უნდა ამოერეცხათ. ადგილობრივებმა ჭურის მიწაში ჩაფვლის რამდენიმე წესიც შემოიღეს. ზოგჯერ ღვინის ჭურჭელი მიწაში უფრო ღრმად იყო ჩაფლული, ხანაც უფრო მომაღლო მდგომარეობას ურჩევდნენ. მშრალ ადგილას ჭურს ღრმად ჩაფლავდნენ ხოლმე, ნოტიო ნიადაგში კი პირიქით.
ოდიშის ღვინო ”მსუბუქი და კარგი” ყოფილა. ისტორიული წყაროების ცნობით, ”ღვინო ზერდაგი”, რაც სპარსულად ოქროსფერს ნიშნავს, ყოფილა ”ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა”.